ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2012 წელს სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 34,9%–ია. ამის შესახებ დიმიტრი გვინდაძემ პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო საგარეო ვალის შეფარდება კი - მშპ-სთან მიმართებაში 27,8%-ს შეადგენს.
„ჩვენ სტრატეგიულად და კონსერვატიულად ვმართავთ ურთიერთობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომელებიც ძირითად კრედიტორებს წარმოადგენენ. მაქსიმალურად ვცდილობთ თანხები ხელსაყრელი პირობებით ვისესხოთ თავისი თანმდევი გრანტებით“ – აღნიშნა გვინდაძემ.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს კომერციული სესხები არა აქვს, გარდა ერთი ევროობლოგაციისა.
„სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 2%–ია, რაც ერთ–ერთი უდაბლესია, ამაზე დაბალი ვერც წარმომიდგენია“ – განაცხადა გვინდაძემ.
