„ახალი მემარჯვნეები“ ხელისუფლებას ტრაქტორების დეფიციტის მოგვარების გზებს სთავაზობენ
„ახალი მემარჯვნეები“ ხელისუფლებას ტრაქტორების დეფიციტის მოგვარების გზებს სთავაზობენ
13:53 14.05.2012
პარტია „ახალი მემარჯვნეები“ ტრაქტორების დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას რამდენიმე ინიციატივას სთავაზობენ. ამის შესახებ პარტიის  თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში 500 ერთეული ტრაქტორია, თუმცა, ეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ქვეყანაში ტრაქტორების დეფიციტის პრობლემა შესაძლოა, ერთ წელიწადში გადაწყდეს.

„ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის ბაზაზე, უცხოელი ინვესტორებისა და დონორების მონაწილოებით წარმოება უნდა შეიქმნას, რომელიც მაღალტენოლოგიურ ტრაქტორებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას გამოუშვებს. ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის პირველი მსხვილი შემკვეთი სახელმწიფო უნდა გახდეს, რისთვისაც ბიუჯეტში 140-150 მლნ ლარი უნდა იყოს გათვალისწინებული.

„ამის პარალელურად, გლეხებისა და ფერმერებისთვის ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ლიზინგის სპეციალური პროგრამა უნდა ავამოქმედოთ, რაც მათ საშუალებას მისცემს, საჭირო ტექნიკა უპრობლემოდ, შეღავათიან ფასში შეიძინონ“ - განაცხადა გამყრელიძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის თქმით, ასევე დაუყონებლივ უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები დიზელის ფასის დასარეგულირებლად. მისი გაიაფების მიზნით ის დღგ-სა და აქციზის გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.

„ამით საქართველოში დიზელის საწვავზე ფასი 65 თეთრით შემცირდება“ - განაცხადა მან.

„ახალი მემარჯვენეები“ აცხადებენ, რომ არსებული პრობლემების პირობებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების 40%-იც არ არის დამუშავებული და ქართული ბაზარი უცხოური პროდუქციითაა გაჯერებული.

ბეჭდვა