2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატამ მოხსენება გამოაქვეყნა.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, დოკუმენტში გასულ წელს საბიუჯეტო სისტემაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები, აუდიტების და ანალიტიკური საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და მათ გამოსასწორებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციებია ასახული.
კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილი ხარვეზები, ძირითადად, ფისკალური წლის ბოლოს ბიუჯეტის არათანაბარზომიერ ხარჯვას, წარმოქმნილი ეკონომიებით დაუგეგმავი ღონისძიებების დაფინანსებას, არაპირდაპირი გადასახადების ხვედრით წილს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების „საკუთარი“ შემოსავლების მართვაში არსებულ პრობლემებს და სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
კონტროლის პალატაში მიიჩნევენ, რომ მხარჯავი დაწესებულებები ფისკალური წლის ბოლოს დარჩენილ ასიგნებებს მაქსიმალურად ითვისებენ, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი დანაზოგით დაუგეგმავი ღონისძიებები ფინანსდება, არაპირდაპირი გადასახადების (დღგ, აქციზი, საბაჟო) ხვედრითი წილი დიდია და სხვა.
არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად კონტროლის პალატამ რეკომენდაციებიც შეიმუშავა. რეკომენდაციები გადასახდელების დაგეგმვას, საგადასახადო შემოსავლების კლასიფიცირებას, შესყიდვებიდან წარმოქმნილი ეკონომიების გამოყენებას, სსიპ-ების „საკუთარი“ შემოსავლების აღრიცხვა-ანგარიშგებას, სახელმწიფო ქონების მართვის საკითხებს და საწარმოების პრივატიზაციის საკითხს ეხება.
კერძოდ, კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადასახდელების დაგეგმვისას, უმჯობესია, მეტი კონტროლი დაწესდეს გამოყოფილი ასიგნებების ათვისებაზე მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებში, ნაცვლად სხვა ხარჯებისა; პალატის რეკომენდაციით, მობილიზებული საგადასახადო შემოსავლების ზუსტი პროგნოზირების, გამჭვირვალედ წარდგენისა და ეკონომიკური აქტივობის ობიექტურად შეფასებისათვის ნებაყოფლობითი და საგადასახადო ადმინისტრირების შედეგად მობილიზებული შემოსავლები უნდა გაიმიჯნოს, რისთვისაც საბიუჯეტო კლასიფიკაციაში ცვლილება უნდა მოხდეს.
კონტროლის პალატაში მიიჩნევენ, რომ მიზანშეწონილია შესყიდვებიდან დანაზოგების ხარჯვის დამატებითი რეგულირება, რათა უწყების მიერ შესყიდვის შედეგად დაფიქსირებული დაბალი ფასი რეალურ ეკონომიად იქცეს და სექტორის პრიორიტეტებს მოხმარდეს.
კონტროლის პალატამ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენება პარლამენტს უკვე წარუდგინა.
