საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქართული ღვინის IV ეროვნული კონკურსი - „საქართველო ღვინის სამშობლო“ გაიმართა.
კონკურსზე 30-ზე მეტი ქართული კომპანიის 158 ბოთლი ღვინო იყო წარდგენილი. გამარჯვებული ღვინოები 14 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
საკონკურსო წესის თანახმად, წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია და შეფასება კომპეტენტური ჟიურის მიერ ე.წ. ,,ბრმა მეთოდით“- მიმდინარეობდა. ჟიურის, რომლის წევრებიც დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და პოლონეთის ცნობილი ღვინის ექსპერტები იყვნენ, ქართველი სომელიე და საერთაშორისო ექსპერტი ანა გოდაბრელიძე თანათავმჯდომარეობდა.
თეთრ ღვინოებში გრანპრი „ბადაგონს“ ერგო, წითელი ღვინოებში კი - მთავარი პრიზი „ქინძმარაულმა“ დაიმსახურა.
კონკურსზე ასევე, 8 ოქროსა და 39 ვერცხლის მედალოსანი ღვინოები გამოვლინდნენ.
ღონისძიება ქართული ღვინის ისტორიული ფონდის ინიციატივით, საქართველოს სავაჭრო-სამრწეველო პალატის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კონკურსი ქართული ღვინის ხარისხის ზრდისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
