საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს დაზარალებულთა ყველა სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია მოხდა.
ამის შესახებ ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პრობლემების განსახილველად ეროვნული ბანკის წარმომადგენლები კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ქადაგიძის თქმით, არ არსებობს იმის პრეცედენტი, რომ მსესხებელი 2008 წლის აგრესიის შედეგად დაზარალებული იყოს და მისი სესხის რესტრუქტურიზაცია არ მომხდარიყოს.
„თუ ასეთი შემთხვევა არსებობს მზად ვარ, ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის და თითოეული ასეთი შემთხვევის განხილვისთვის. თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სასესხო დავალიანებების მთლიანად და სრულად ჩამოწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდა, როცა მსესხებელი კონკრეტულად კონფლიქტის ზონაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდა და მისი საქმიანობის გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელია“ – აღნიშნა ქადაგიძემ.
