ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ბანკ „ქართუს“ სტაბილურ ფუნქიონირებას არაფერი არ ემუქრება.
ეს განცხადება დღეს მან პარლამენტში 2011 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
მისი განცხადებით, ეროვნულ ბანკს „ქართუ“ ბანკში შემოწმებისას არც ერთი ოპერაცია არ შეუზღუდია. უფრო მეტიც, ქადაგიძე ირწმუნება, რომ მათ „ქართუ“ ბანკის აქციონერს სხვა ბანკში მნიშვნელოვანი წილის შეძენის უფლებაც მისცეს.
„სამწუხაროდ, „ქართუ“ ბანკის ადმინისტრაციის და დამფუძნებლის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, პირიქით, ვხედავთ, ყველანაირ მცდელობას ჩვეულებრივ, სტანდარტული შემოწმების პროცესს ხელი შეუშალონ. მუდმივად ვაფიქსირებთ მცირე და დიდი საკითხის პოლიტიზირების მცდელობას“ – განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ პოლიტიკოსების მიერ საბანკო სექტორის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია.
„ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ეროვნული ბანკი კანონით მინიჭებულ ყველა ზომას გაატარებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ საბანკო სისტემა 90–იან წლებში დაბრუნდეს“ – აღნიშნა ქადაგიძემ და დასძინა, რომ სანამ იგი ეროვნულ ბანკშია, საბანკო სექტორში კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება.
