წყნეთში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ
წყნეთში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ
15:25 10.05.2012
წყნეთში მცხოვრებ დევნილების ნაწილს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს წყნეთში მცხოვრებმა დევნილებმა განუცხადეს.
მათი თქმით, გამრიცხველიანებამდე ელექტროენერგიაზე შეღავათების შენარჩუნებას ჰპირდებოდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა.
დევნილები ამტკიცებენ, რომ 1 იანვრიდან დღემდე მათ საერთო მრიცხველებზე ძალიან მაღალი დავალიანებები დაუგროვდათ და ამას დასუფთავების გადასახადიც დაემატა.
აფხაზეთიდან დევნილების ნაწილმა სიტყვიერი გაფრთხილება უკვე მიიღეს იმის თაობაზე, რომ ე.წ. საბჭოთა მრიცხველებზე დარიცხული თანხები გადაინაწილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. დევნილების ნაწილს კი, რვეულის ფურცელზე დაწერილი ე.წ. ქვითრები დაურიგდა, სადაც ელექტროენერგიაზე დამატებულია დასუფთავების გადასახადიც და იქვე მითითებულია ანგარიშის ნომერი.
დევნილების თქმით, დარიცხული თანხების ოდენობა ოჯახზე 300 - 400 ლარს შეადგენს.

ბეჭდვა