თბილისში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
17:04 09.05.2012
ჩინური კომპანიები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან. ამ მიზნით საქართველოში ჩინეთის სიანძიან-იუღურეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვიდა.
მათი მონაწილეობით, ქართულ-ჩინური გამოფენა-ბიზნესფორუმი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში მიმდინარეობს.
როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის სიანძიან-იუღურეთის პროვინცია საკმაოდ ცნობილია, ვინაიდან თბილისსა და პროვინციის მთავარ ქალაქს - ურუმჩს შორის ფრენები უკვე ხორციელდება. ამავე დროს, საქართველოში ყველაზე მსხვილი ჩინელი ინვესტორები სწორედ ამ პროვინციიდან არიან. მათ შორისაა კომპანია, რომელიც საქართველოში 150 მილიონიან პროექტს ახორციელებს. პროექტი თბილისის ზღვასთან სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.
როგორც ბაინდურაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ფორუმის მიზანი ჩინური კომპანიებისთვის საქართველოს ბიზნესგარემოს უკეთ გაცნობაა.
„ჩვენთვის ჩინეთი ყველა მიმართულებითაა საინტერესო. მათ შორის, ვაჭრობის კუთხით, რადგან ეს ყველაზე უფრო პერსპექტიული ბაზარია ქართული პროდუქციისთვის“- აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
მისივე თქმით, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო უკვე შესულია. ეს ქვეყანა და მით უმეტეს, იუღურეთის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოსთვის ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია.
„ჩინელი ტურისტები შარშან უკვე შემოვიდნენ საქართველოში. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. ტურისტების რაოდენობის გაზრდა სწორედ ამ პროვინციის ხარჯზე იგეგმება, ვინაიდან ურუმჩიდან ფრენები უკვე ხორციელდება“-განაცხადა ბაინდურაშვილმა.
სიანძიან-იუღურეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილის სუ გიან ბინის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა. მისი თქმით, ჩინეთის დელეგაციას სურს ქართულ კომპანიებს ევრაზიის რეგიონში ჩინეთის საერთაშორისო გამოფენის შესახებ აცნობოს, რომელიც ყოველი წლის 1 სექტემბერს ტარდება.
„გვინდა ადგილობრივ კომპანიებსა და ბიზნესმენებს ვაცნობოთ, რომ მიიღონ მონაწილოება ამ გამოფენაში და მისი მეშვეობით ბევრ ჩინურ კომპანიას დაუკავშირდნენ“-განაცხადა სუ გუან ბინმა.
საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმში 100-მდე კომპანია მონაწილოებს.

ბეჭდვა