სვანეთში, თეთნულდის მწვერვალზე აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი აშენდება - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში, გაეროს მსოფლიო
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, პროექტი ფრანგ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება, შესაბამის კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
„ეს იქნება ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში, თავისი უნიკალური კულტურით, სამზარეულოთი, მისასვლელი გზებით, აეროპორტით, რომელიც მესტიაში შარშან, სამ თვეში ავაშენეთ. როგორც მისმა არქიტექტორმა თქვა, ეს იყო ყველაზე სწრაფად აშენებული სამოქალაქო აეროპორტი“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ბაკურიანის და გუდაურისა, სათხილამურო კურორტები აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე და სვანეთში, მესტიაში შენდება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ტურიზმის განვითარება სიღარიბის დაძლევის ეფექტური საშუალებაა, მაგრამ ამისთვის კვალიფიციური კადრებია საჭირო. მისივე თქმით, ტურისტული გადამზადების რამდენიმე ცენტრი საქართველოში უკვე გაიხსნა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
