საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის აეროპორტის ტერიტორიის გარშემო ვენახის გაშენების იდეით გამოდის.
როგორც დღეს მან ბათუმში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციაა.
„პირველი, რასაც საქართველოში შემომსვლელი ადამიანი დაინახავს იქნება ახალი, თანამედროვე უნივერსიტეტი და უზარმაზარი ვენახი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის განათლების და დიდი კულტურის ქვეყანა“-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, ქართული ღვინის ხარისხი და ექსპორტი მსოფლიოში დღითიდღე იზრდება.
„დიდი მადლობა რუსეთს ღვინის ემბარგოსთვის, ვინაიდან სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ჩვენი ღვინის ხარისხი მკვეთრად გაზრდილიყო. ის ახლა მართლაც არ ჩამოუვარდება იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ საუკეთესო ღვინოებს“-აღნიშნა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, ღვინო ქართული კულტურის და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„გვინდა, რომ საქართველოში შემომსვლელმა ყველა ტურისტმა იცოდეს, რომ საქართველოს აქვს ღვინო. ამიტომ გადაწყდა, რომ ყველა ტურისტს აეროპორტში სასაჩუქრე შეფუთვით ერთი ბოთლი ღვინო და საინფორმაციო ბროშურა გადაეცეს“ - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ღვინის დამზადების უძველესი ტექნოლოგია დღემდე შემორჩენილია, რაც მსოფლიო ბაზარზე ქართულ ღვინოს განსაკუთრებული ნიშას უქმნის.
