საქართველოს ბრაზილიიდან დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ბრაზილიიდან დელეგაცია ეწვევა
17:27 08.05.2012
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია სამუშაო ვიზიტით ბრაზილიაში იმყოფებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიელ კოლეგასთან მენდეს რიბეირო ფილიოსთან ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ამ სფეროში წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

„ბრაზილია მართლაც სამაგალითოა. მთლიანად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა“-განაცხადა გოროზიამ.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ბრაზილიაში გამართულ შეხვედრებს პრაქტიკული გაგრძელება მოჰყვება და უახლოეს მომავალში, საქართველოს ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია ეწვევა.

გასულ წელს საქართველოსა და ბრაზილიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში, 17-21 აპრილს საქართველოს ბრაზილიის სოფლის მეურნეობის ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ეწვია.

ბეჭდვა