„ქართუ“ ეროვნულ ბანკს მიკერძობულობაში ამხელს
„ქართუ“ ეროვნულ ბანკს მიკერძობულობაში ამხელს
14:33 07.05.2012
ბანკი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეროვნულ ბანკს „ქართუსთან“ მიმართებაში სხვა კომერციული ბანკებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, რაც „ქართუს“ არათანაბარ პირობებში აყენებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ჩვენ კომერციულ ბანკად არ გვთვლის. სხვადასხვა შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან მართავს, ჩვენ არ გვიწვევს“ - განაცხადა ჯავახიშვილმა.

„ქართუს“ გენერალური დირექტორის თქმით, ის პირნათლად ასრულებს ეროვნული ბანკის ნებისმიერ ორდინალურ მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, თუმცა, მისივე თქმით, ინსტრუქციას, რომელიც სპეციალურად „ქართუსთვის“ არის „გამოგონილი“ - არ შეასრულებს.

ჯავახიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი „ქართუს“ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს.

„შემოწმება შეიძლება კონკრეტული განვლილი ეტაპის. სხვანაირი შემოწმება მსოფლიომ არ იცის. ეროვნული ბანკი კი, ყოველდღიურად მიმდინარე ოპერაციებს ამოწმებს. ასეთი რამ პრაქტიკაში არ არსებობს“ - განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ყოველდღიური ქმედებები საერთაშორისო პრაქტიკის და კანონის საწინააღმდეგოა.

ბეჭდვა