„იმედი ელი“ „ალდაგი ბისიაის“ უერთდება
„იმედი ელი“ „ალდაგი ბისიაის“ უერთდება
13:53 04.05.2012
ორი სადაზღვევო კომპანია - „ალდაგი ბისიაი“ და „იმედი ელი“ ერთიანდება. ამის შესახებ „ალდაგი ბისიაი“-ს გენერალუმა დირექტორმა ნიკა  გამყრელიძემ და „იმედი ელ“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნიკა ჩიხლაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
გამყრელიძის განმარტებით, „ალდაგი“ „იმედი ელ“-ის აქციების 85%-ის მფლობელი გახდა, დარჩენი 15%-ის შესყიდვაზე მინორიტარულ აქციონერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ 100%-ის მფლობელი გახდება, რაშიც, მისივე განმარტებით, „ალდაგი ბისიაი“ „იმედი ელს“ 8 მლნ ლარს გადაუხდის.
„ეს არის უმსხვილესი გარიგება. აქამდე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მსგავსი, რამ არ მომხდარა“-განაცხადა „ალგადი ბისიაი“-ს გენერალურმა დირექტორმა და აღნიშნა, რომ აქციონერმა „საქართველოს ბანკმა“ „ალდაგის ბისიაის“ კაპიტალი დამატებით 32,5 მლნ ლარით შეავსო.
„ამიერიდან „ალდაგი ბისიაი“ და „იმედი ელი“ ბაზარზე ყველაზე კარგად დაფინანსებული კომპანიებია. ჩვენი საერთო კაპიტალი, დაახლოებით 77 მლნ ლარია“-განაცხადა მან.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, კომპანიების გაერთიანება მათთან დაზღვეულთა მომსახურებაზე, რომელთა რიცხვი და 420 ათასს აჭარბებს, დადებით გავლენას მოახდენს.
გამყრელიძის განცხადებით, გაერთიანების შემდეგ, კომპანიების საერთო მფლობელობაში 26 ჰოსპიტალი იქნება.
„ალდაგი ბისიაი“-ს გენერალურმა დირექტორმა არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს კომპანიების გაერთიანების მიზეზი „იმედი ელ“-ის მოსალოდნელი გაკოტრება იყო. მისი თქმით, „ალდაგმა“ „იმედი ელ“-ის აქციონერებს საინტერესო წინადადება შესთავაზა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
ამ ეტაპზე, კომპანიები ცალ-ცალკე მუშაობენ, მათი სრული შერწყმა რამდენიმე თვეში იგეგმება. გამყრელიძის თქმით, შერწყმის შემდეგ, კადრების ოპტიმიზაცია მოხდება.

ბეჭდვა