რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ
თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ზაფერ ჩაგლაიანს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთანამშრომლობასა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტზე გამახვილდა.
აღნიშნული პროექტი "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე რეგიონული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს შეფასებით, ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას და აზიიდან ევროპაში ტვირთების სწრაფად ტრანსპორტირებას, რაც საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პროექტზე ათასობით ადამიანი დასაქმდება.
