„საქართველოს ბანკმა“ iPhone-სა და iPod touch-ს მომხმარებლებისთვის სპეციალური მობილბანკის პროგრამა შექმნა.
ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს ბანკის ხელმძღვანელებმა გამართეს.
როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, მობილბანკის საშუალებით მომხმარებელი საბანკო მომსახურებას ნებისმიერ ადგილზე მიიღებს.
„პროგრამის საშუალებით ყველა იმ ძირითადი საბანკო ოპერაციის განხორციელება იქნება შესაძლებელი, რასაც მომხმარებელი ინტერნეტბანკის საშუალებით იღებს“ - განაცხადა გილაურმა.
მისივე განმარტებით, „საქართველოს ბანკის“ მიერ შემუშავებული მობილბანკის პროგრამა iPhone-ის მეხსიერებაში ინახება და ინტერნეტს მცირე რაოდენობით, მხოლოდ მონაცემების განახლებისთვის მოიხმარს.
გილაურის თქმით, პროგრამა iPhone-ის პლატფორმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მისი ჩატვირთვა Apple-ის ოფიციალურ პორტალ AppStore-დან არის შესაძლებელი. პროგრამის გადმოწერა 2012 წლის მაისის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.
მობილბანკს რამდენიმე ფუნქცია აქვს: „მობილბანკი – გადახდების“ დახმარებით მომხმარებელს კომუნალური გადასახადების გადახდა შეუძლია, „მობილბანკი – ანგარიშებით“ მომხმარებელი საკუთარი ანგარიშების სრულ კონტროლს შეძლებს, „მობილბანკი – გადარიცხვები“ კი, მომხმარებელს საკუთარ ან სხვის ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის საშუალებას აძლევს, „მობილბანკი – გზავნილებით“ გზავნილ „ელვას“ გადარიცხვა საქართველოს ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი. მიმღები გზავნილს „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ სერვისცენტრში ან ბანკომატში გაანაღდებს.
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის პროგრამით, უახლოეს მომავალში, iPad–ის, Android–ისა და BlackBerry–ის მფლობელებიც შეძლებენ ისარგებლონ.
