მიუნჰენისა და ზემო ბავარიის ინდუსტრიის და სავაჭრო პალატა ქართველ კოლეგებს დაეხმარება
მიუნჰენისა და ზემო ბავარიის ინდუსტრიის და სავაჭრო პალატა ქართველ კოლეგებს დაეხმარება
17:51 01.05.2012
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მიუნჰენისა და ზემო ბავარიის ინდუსტრიის და სავაჭრო პალატა თანამშრომლობას იწყებენ.
საქართველოს სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა კახა ბაინდურაშვილმა და მიუნჰენისა და ზემო ბავარიის ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ანტონ კათრაინმა დღეს თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც ბაინდურაშვილმა განაცხადა, დღეს ორი მემორანდუმი გაფორმდა. პირველი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინსტიტუციურ განვითარებაში გერმანიის დახმარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ - გაცვალონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო სფეროების თაობაზე, საქართველოსა და ბავარიაში მიმდინარე საჯარო და კერძო სექტორის ღონისძიებების შესახებ და ბიზნესმენებს საქართველოსა და ბავარიაში საბაზრო შესაძლებლობების მოძიებისკენ მოუწოდონ.
ბაინდურაშვილის თქმით, მეორე მემორანდუმი პროფესიული სწავლების კუთხით გერმანიის მოდელის გადმოღებას გულისხმობს.
„გერმანული მოდელი მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად ითვლება. გერმანიაში ახალგაზრდებში უმუშევრობა 2%-ზე მეტი არ არის, ჩვენთვის კი, უმუშევრობის შემცირება პრიორიტეტია. ამიტომ, ამ მხრივ გერმანიის გამოცდილების გაზიარება მნიშველოვანია“ - განაცხადა ბაინდურაშვილმა.

ბეჭდვა