კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 7.8 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის
ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 2012 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 1.9 პროცენტით გაიზარდა.
ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.2 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 1.8 პროცენტით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2012 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 870.7 მლნ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით – 3.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 47.5 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2012 წლის თებერვალთან შედარებით, მარტში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 6.1 პროცენტით გაიზარდა და 2.1 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.1 პროცენტი შეადგინა, რაც 2012 წლის პირველი აპრილისათვის 873.2 მლნ ლარით განისაზღვრა, ეს კი, 0.8 პროცენტით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით; 10.2 პროცენტი მშენებლობაზე მოდის, რაც 443.4 მლნ ლარია.
ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 77.8 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2012 წლის მარტის განმავლობაში 21.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობაც. ამ მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 1 აპრილისთვის 3.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.
