რუსთავის ახალი ავტოდრომი არა მთავრობის წევრების გასასეირნებლად, არამედ ახალი ენერგიის, ფულის, ოპტიმიზმის, და ე.წ დრაივის მოსატანად შეიქმნა - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
დღეს რუსთავის ავტოდრომის გახნისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ავტოდრომი ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ის 200-მდე მოქალაქეს დაასაქმებს.
„ამ ქალაქიდან წლების წინ ყველა გარბოდა, ყველა ელოდა როდის ჩამოიშლებოდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. თუმცა, ბოლო 2-3 წელიწადში ყველა გაჩერებული ქარხანა ამუშავდა, ნულიდან განვითარდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. დღეს რუსთავი პოსტ-საბჭოთა სივრცეში წამყვანი ავტოსერვისცენტრია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ამასთან, ავტოდრომის აშენების საქმეში ქართველი მრბოლელის შოთა აფხაზავას როლზე ისაუბრა.
„ეს არის საქართველოს სიყვარული. შოთა აფხაზავას აქ არ უსწავლია, აქ არ გაზრდილა, მაგრამ მან ქართულ საქმეში 20 მილიონი აშშ დოლარი ჩადო. ეს არის განსაკუთრებული ნიჭი - შენი ბოლო კაპიკი შენს ქვეყანას მოახმარო“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
განახლებულ ავტოდრომზე დღეს რბოლაში ჩემპიონატის ფინალი ჩატარდება. მასში სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვებული ავტომრბოლელები იასპარეზებენ. ავტოდრომი საერთაშორისო სტანდარტებით აშენდა. მისი სიგრძე 4 122 მეტრია და იგი სამი წლის განმავლობაში შენდებოდა.
