,,Summer Job”-ის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო 2 500 სტუდენტს დაასაქმებს
,,Summer Job”-ის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო 2 500 სტუდენტს დაასაქმებს
13:10 27.04.2012
სტუდენტთა დასაქმების პროგრამის -,,Summer Job”-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2 500 სტუდენტს დაასაქმებს. ამის შესახებ ,,Summer Job” -ის  მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.

ვერა ქობალია სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძესთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდა.

როგორც ქობალიამ განაცხადა, ეკონომიკის სფეროში დასაქმებული სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში, საქაერო ნავიგაციაში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და სხვა უწყებებში იმუშავებენ.

,,სტუდენტების დასაქმების დროს ჩვენ ორი ფაქტორი გავითვალისწინეთ. პირველი - გვინდა სტუდენტებს მივცეთ საშუალება იმ სფეროში იმუშაონ, სადაც შემდეგ რეალურად დასაქმდებიან; მეორე - სტუდენტებს შეეძლოთ ზაფხულში მშობლიურ რეგიონებში წასვლა და ადგილზე მუშაობა. სწორედ ამიტომ, 1 500 სამუშაო ადგილი რეგიონის მასშტაბით შეიქმნა.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ პროექტის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები სამომავლოდ მათი თანამშრომლები გახდნენ. მისი თქმით, სამინისტროში სტაჟიორთა პროგრამა მუშაობს, სადაც ყველა დეპარტამენტია ჩართული. დეპარტამენტებს ევალებათ ყოველ სამ თვეში ორი სტაჟიორი ჰყავდეთ.

ქობალიას განმარტებით, მის უწყებას ახალი კადრები სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით აჰყავს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სტუდენტთა დასაქმების პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება.

პროექტი ზაფხულის არდადეგების პერიოდში - 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე განხორციელდება. მის ფარგლებში სულ 25 000 სტუდენტი დასაქმდება. ისინი ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ.


ბეჭდვა