საქართველოში უკვე ორი დღეა, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი 5 თეთრით გაძვირდა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა, ვანო მთვრალაშვილმა "ნიუსპრესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი მატებაა, რაც ბოლო დროს ირანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უკავშირდება.
"2011 წლის 5 დეკემბერს, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი 5 თეთრით შემცირდა. ნავთობის ფასის კრიზისი კი საერთაშორისო ბირჟებზე, სწორედ დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. შესაბამისად, თუკი საწვავის ფასის ზრდას დინამიკაში შევხედავთ, აშკარად დაინახავთ ზრდის ტენდენციას, რაც ჩვენთან ნამდვილად არ დაფიქსირებულა. ქართულმა ნავთობკომპანიებმა მხოლოდ ორიოდე დღის წინ გააძვირეს საწვავი 5 თეთრით. უახლოს პერიოდში, საწვავის ფასის ზრდა არ იგეგმება", _ აღნიშნა მთვრალაშვილმა.
მისი თქმით, ნავთობის საერთაშორისო ბირჟებზე კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა ევროზონის ქვეყნებს ნავთობის მიწოდება შეუმცირა. დღევანდელი მდგომარეობით, ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 118 აშშ დოლარია.
"დღევანდელი ინფორმაციით, 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი 1055 აშშ დოლარია, თუმცა წლის დასაწყისში მხოლოდ 960 აშშ დოლარი იყო. 25 იანვარს კი, 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასმა 1 000 აშშ დოლარიანი ნიშნული გადაკვეთა", _ აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
მისივე თქმით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2.15-დან 2.25 ლარამდე, ხოლო დიზელის ფასი _ 2.15-დან 2.35 ლარამდე მერყეობს.
