გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონების მოძიება ინტერნეტპორტალის გარდა, მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი. ახალ სერვისი ოზურგეთის იუსტიციის სახლში მოქალაქეებს საჯარო რეესტრის
თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა გააცნო.
მოქალაქეს, რომლის მობილური ტელეფონი აღჭურვილია Android ოპერაციული სისტემით და აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, შეუძლია ქონების ელექტრონული ბირჟის პორტალიდან www.eproperty.ge უფასოდ ჩამოტვირთოს მობილური აპლიკაცია.
აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს მობილური ტელეფონის საშუალებით მოიძიოს გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონება.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს ახალი სერვისი შესაძლებლობას მისცემს გასაყიდ თუ გასაქირავებელ ქონებაზე უძრავი ქონების მდებარეობა შეიტყოს, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დაადგინოს ქონების მესაკუთრის ვინაობა, შეამოწმოს ადევს თუ არა ყადაღა ან აკრძალვა ქონებას და სხვა.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი სერვისი მოქალაქეებს სასურველი უძრავი ქონების შერჩევისას დროის დაზოგვაში და მისამართის მარტივად მიგნებაში დაეხმარება.
