დიმიტრი გვინდაძე - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სამხრეთ კორეის გლობალური სავაჭრო სტრატეგიის ნაწილი გახდეს
დიმიტრი გვინდაძე - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სამხრეთ კორეის გლობალური სავაჭრო სტრატეგიის ნაწილი გახდეს
12:19 26.04.2012
სამხრეთ კორეას გლობალური საინვესტიციო და სავაჭრო სტრატეგია აქვს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ სტრატეგიის ნაწილი გახდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დღეს საქართველო-კორეის ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.
გვინდაძის თქმით, დღევანდელი ბიზნესფორუმის ძირითადი მიზანი სწორედ საქართველოსა და სამხეთ კორეას შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განხილვა და გაძლიერებაა.
„დღეს, როდესაც მსოფლიოში საუბრობენ ეკონომიკურ საოცრებებზე, ხშირად სამხეთ კორეას გულისხმობენ. ეს არის ქვეყანა, რომელიც ბოლო წლებში, ეკონომიკის სიძლიერიდან გამომდინარე, აზიის ერთ-ერთ საკვანძო ეკონომიკად ჩამოყალიბდა“ - განაცხადა გვინდაძემ.
საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნესფორუმი „ქორთიარდ-მარიოტში“ მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და კორეის სავაჭრო პალატა არიან. მას ორივე მხრიდან 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრება.
კორეელი ბიზნესმენები, ძირითადად, ენერგეტიკული და სამშენებლო პროექტებით არიან დაინტერესებული.


ბეჭდვა