კორეელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციის ჩადებით არიან დაინტერესებული. ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბაინდურაშვილმა აღნიშნა, კორეელ ბიზნესმენებს საქართველოს ბიზნესგარემოს გაცნობა სურთ. მისივე თქმით, თბილისში ჩამოვიდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც საქართველოში ენერგეტიკისა და სამშენებლო პროექტებით არიან დაინტერესებული.
საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს-ფორუმში, რომელიც „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს გაიხსნა, მონაწილეობენ ისეთი კომპანიები, რომლებიც სხვა კომპანიებს ინვესტიციების განხორციელებაში ეხმარებიან.
„ასეთი კონფიგურაცია იმედის მომცემია. ვფიქრობთ, რომ კორეელი ბიზნესმენები სერიოზულად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ“ - განაცხადა მან.
ბაინდურაშვილის თქმით, ფორუმის შემდეგ ქართველ ბიზნესმენებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართება და შესაძლოა, დღის ბოლოს, მათ შორის გარკვეულ პროექტებზე შეთანხმებაც შედგეს.
საქართველო-კორეის ბიზნესფორუმში ორივე მხრიდან 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს.
