ეკონომიკურ ფორუმზე თბილისსა და კაიროს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკურ ფორუმზე თბილისსა და კაიროს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა
13:46 25.04.2012
საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თბილისსა და კაიროს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კაიროს მერმა აბდელ კავი ჰალიფამ მოაწერეს ხელი.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 6-ე საერთაშორისო ფორუმი სასტუმრო „რედისონში“ უგულავამ გახსნა.
მისი თქმით, მსგავსი ფორუმების დროს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
გიგი უგულავამ ფორუმის გახსნაზე თბილისის საქალაქო ტრანსპორტის, დასუფთავების, ბიზნესისა და ქალაქის ინფრასტუქტურის საკითხებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, კიდევ ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს.
ფორუმი მერთან ერთად ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ზვიად არჩუაძემ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა გახსნეს.
საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემაა - “მომავლის ქალაქი“.
ფორუმის ფარგლებში დღეს სხვადასხვა თემებს განიხილავენ - ურბანული კომუნიკაციები და კავშირები, სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.
ეკონომიკური ფორუმი ორ დღიანია. ხვალ მისი მონაწილეები ქალაქში ბიზნესის განვითარებაზე, გამჭვირვალე ფინანსური მართვის უზრუნველყოფაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ.
ფორუმის დასასრულს შემაჯამებელი დებატები გაიმართება, რომელზეც სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გამოვა.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს თბილისის მერია წელს მეექვსედ ატარებს. მასში 20-ზე მეტი ქვეყნის 80-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
ფორუმის ფარგლებში თბილისში კაიროს, დუმას, ნაირობისა და ვილნიუსის მერები ჩამოვიდნენ.

ბეჭდვა