თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი იხსნება
თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი იხსნება
09:47 25.04.2012
თბილისის მერიის ორგანიზებით, დღეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების VI საერთაშორისო ფორუმი იხსნება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ფორუმი  ორდღიანია და მას ევროპის, აზიისა და აფრიკის 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემაა „მომავლის ქალაქი“. სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ, ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და სამომავლო განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ.
საერთაშორისო ფორუმს ექსპერტები, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან და სხვადასხვა საკითხებზე გამართულ დისკუსიებში მიიღებენ მონაწილეობას.
ფორუმის ფარგლებში, თბილისში კაიროს, ჯუბას, ნაირობისა და ვილნიუსის მერები იმყოფებიან.
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა თემატური პარალელური სესიები გაიმართება, სადაც თბილისის მერიის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები უცხოელ კოლეგებსა და სტუმრებს საკუთარი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ.
ფორუმის პარალელურად, თბილისის მერი გიგი უგულავა და კაიროს მერი აბდელ კავი ხალიფა ორ ქალაქს შორის დაძმობილების შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და მჭიდრო კავშირის დამყარებას ისახავს მიზნად.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს თბილისის მერია წელს მეექვსედ ატარებს.

ბეჭდვა