მანჯგალაძე - საინვესტიციო პროექტების განხორციელების წინაპირობად კორუფციის არარსებობა სახელდება
მანჯგალაძე - საინვესტიციო პროექტების განხორციელების წინაპირობად კორუფციის არარსებობა სახელდება
12:30 24.04.2012
საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამის განხორციელების წინაპირობად კორუფციის არარსებობა სახელდება.  ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევების შედეგად, გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ საქართველოში ბიზნესგარემო მიმზიდველია, გამოკითხულთა მხოლოდ 11%-მა ახსენა კორუფცია, როგორც პრობლემა საბიუჯეტო ორგანოებთან ურთიერთობაში.
მანანა მანჯგალაძის თქმით, სწორედ კორუფციის დაბალი დონეა მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველო მიმზიდველი გახდა ინვესტორებისთვის.
„გასულ შაბათ-კვირას საქართველოს ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი სტუმრობდა. მთავარი შედეგი არის ის, რომ ტრამპი ჩვენს რეგიონში მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა მაგალითია იმისა, თუ რამდენად მიმზიდველი გახდა ჩვენი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის“- განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, გუშინ ნენსკრაჰესის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ჩინური ინვესტიციის შედეგად განხორციელდა.
პრესსპიკერის განცხადებით, მსგავსი პროექტები უმუშევრობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მხოლოდ სვანეთში ნენსკრაჰესის მშენებლობაზე 1 200 ადამიანი დასაქმდება.

ბეჭდვა