მეიდანზე „შატო მუხრანის“ ღვინის სტუდია გაიხსნა
მეიდანზე „შატო მუხრანის“ ღვინის სტუდია გაიხსნა
16:19 23.04.2012
ძველ თბილისში, მეიდანზე დღეს კომპანია „შატო მუხრანის“ ღვინის სტუდია გაიხსნა.
ღვინის სტუდიაში შესულ სტუმარს საშუალება ექნება არა მხოლოდ  დააგემოვნოს ან შეიძინოს „შატო მუხრანის“ სუპერ-პრემიალური კლასის ღვინო, არამედ, ღვინის უძველეს ტრადიციებსა და ახალ შეთავაზებებს გაეცნოს.
სტუდიაში წარმოდგენილია ვიდეო და ფოტომასალა, საინტერესო პუბლიკაციები და გამოცემები, ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციული და თანამედროვე აქსესუარები.
სტუდია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს ღვინის ტურს კომპანია „შატო მუხრანში“, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ივანე მუხრანბატონის სასახლე, ბაღი, უნიკალური სარდაფები, საჯინიბო და ვენახები.
„შატო მუხრანის“ წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი სტუდიების გახსნა ბათუმში, მცხეთაში, თელავსა და ყველა იმ რეგიონში იგეგმება, სადაც მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა.
როგორც ღვინის სტუდიის პრეზენტაციაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, თბილისისთვის განახლებული მეიდანი, აბანოთუბანი და კალაუბანი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის თბილისის გული, სადაც ყველა თბილისელს და თბილისში ჩამოსულ ტურისტს უხარია მოსვლა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია „შატო მუხრანის“ წამოწყება არა რიგითი მაღაზიის, არამედ ღვინის სტუდიის გახსნის თაობაზე“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ბეჭდვა