„ნენსკრაჰესის“ მშენებლობაში 630 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ჰესის
მშენებლობას საფუძველი დღეს, მესტიაში მდინარე ნენსკრაზე ჩაეყარა. ჰესის მშენებლობა 5 წელში დასრულდება.
„ნენსკრაჰესის“ სიმძლავრე 210 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 1,2 მილიარდი კვტ/საათი იქნება. ზამთრის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 260 მლნ კვტ/საათი იქნება.
ამასთან, ზამთარში „ნენსკრაჰესი“ „ენგურჰესის“ წყლის რესურსს გაზრდის და შესაბამისად, საშუალებას მისცემს მას უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავოს.
სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურს ჩინური კომპანია „Sinohydro“ ააშენებს და მშენებლობაზე 1 200 მოქალაქეს დაასაქმებს.
კომპანია ელექტროენერგიას ზამთარში შიდა ბაზარზე გაყიდის, ხოლო ზაფხულში ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში განახორციელებს.
როგორც დღეს მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, „ნენსკრაჰესზე“ ორჯერ დიდი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა ორ თვეში ნამახვანზე დაიწყება.
საქართველოს მთავრობის პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“-ის ფარგლებში 15 ახალი ჰესი შენდება. 2012-2013 წლებში დამატებით 20 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება. ენერგოსექტორში 4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. შედეგად, მთლიანობაში ქვეყანა 3 ათასი მგვტ. დამატებით სიმძლავრეს მიიღებს.
