ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ქართველი და ჩეხი ბიზნესმენები საერთო ენას გამონახავენ
ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ქართველი და ჩეხი ბიზნესმენები საერთო ენას გამონახავენ
13:04 23.04.2012
ჩეხეთი ეკონომიკის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული პარტნიორია. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"გასულ წელს ტვირთბრუნვამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ბოლო წლებში, ჩეხეთის ინვესტიცია საქართველოში 350 მილიონ დოლარს აღემატება. ბიზნესფორუმი იმის შესაძლებლობაა, რომ მეტი ჩეხური ინვესტიცია შემოვიდეს და მეტი ექსპორტი განვახორციელოთ ჩეხეთში" - განაცხადა დღეს, პარლამენტში ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან მილან შტეხთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ.
საქართველო-ჩეხეთის ერთობლივ ბიზნესფორუმზე საუბრისას ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი და ჩეხი ბიზნესმენები საერთო ენას გამონახავენ.
როგორც ცნობილია, დღეს, "ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა.
ბაქრაძის თქმით, ჩეხეთის სენატი ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ორგანო იყო, რომელმაც რუსეთის აგრესიიდან ძალიან სწრაფად, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. პარლამენტის სპიკერმა მილან შტეხს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოსადმი გამოჩენილი ამ მხარდაჭერისთვის.

ბეჭდვა