საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას შეფასებით, ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტი ქვეყნისთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მწვანე შუქია.
„ჯერ მხოლოდ ორი დღეა, რაც დონალდ ტრამპი საქართველოშია, თუმცა, ამ ფაქტმა ინვესტორებისა და საერთაშორისო მედიის მხრიდან უკვე უპრეცედენტო დაინტერესება გამოიწვია“ - აღნიშნა ქობალიამ.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არასამუშაო დღეა, მის უწყებაში უამრავი ზარი შედის, ამერიკელი და ევროპელი ბიზნესმენები ინტერესდებიან, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ინვესტირება.
„ტრამპი ნამდვილად მწვანე შუქია საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების თვალსაზრისით. ეს არის მხოლოდ დასაწყისი და კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო უფრო განვითარდეს და მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები შეიქმნას“ - აღნიშნა ქობალიამ.
„ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა. მას საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი მილიარდერი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად დაესწრო.
