„მაგთიკომი” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სასამართლოში უჩივის
„მაგთიკომი” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სასამართლოში უჩივის
14:26 22.04.2012
კომპანია „მაგთიკომი“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სასამართლოში უჩივის.
კომპანიამ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა.
„მაგთიკომის“ ინფორმაციით, სარჩელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც შპს „მაგთიკომს“ 30 000 ლარის ოდენობით ფინანსური სანქცია დაეკისრა. სანქციის დაკისრების მოტივი „მაგთიკომსა“ და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ცალკეული დებულებების მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობა გახდა.
„მაგთიკომი“ კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულების დებულებები არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და კომისიის გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
„მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების სრულყოფის მიზნით, კომპანიასა და კომისიას შორის კომუნიკაცია არსებობდა, თუმცა, კომპანიის მიერ გაგზავნილი ბოლო წერილი, სადაც სადაოდ ქცეული ხელშეკრულების ცალკეულ დებულებებზე იყო საუბარი, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უპასუხოდ დატოვა.

ბეჭდვა