ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაცია დღეს შედგება.
„ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციას სასტუმრო „რედისონში“ დონალდ ტრამპი თავად დაესწრება, რომელიც საქართველოს გუშინ ეწვია.
ტრამპმა თბილისი დაათვალიერა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.
„ტრამპ თაუერის“ მშენებლობა ბათუმის სანაპიროს განვითარების ახალი გეგმის ნაწილია. ტერიტორია, რომელმაც განახლებული სახე უნდა მიიღოს, 160 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
47-სართულიან შენობაში ბიზნესცენტრი, სპა და ფიტნეს კლუბები, ლაუნჯბარები და საცხოვრებელი ბინები განთავსდება, რომელთა ფართი 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე იქნება.
ცათამბჯენის არქიტექტურა იმავე ამერიკელ სპეციალისტს ჯონ ფორტიადისს ეკუთვნის, რომელმაც განახლებული წინანდლის პროექტი შეიმუშავა.
ტრამპის ორგანიზაციასა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, 2011 წელს გაფორმდა.
დონალდ ტრამპის კერძო ინვესტიცია პირველ ეტაპზე 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა და ის ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსის და სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობა თავდაპირველად ბათუმში დაიწყება, შემდეგ კი თბილისში. კომლექსებში, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, სამორინეები და საოფისე ფართები იქნება.
„ტრამპ თაუერის“ მშენებლობის დაწყება უახლოეს დღეებში, ხოლო დასრულება 2013 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
