ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი თბილისში 12:00 საათზე ჩამოფრინდა.
ტრამპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და
კომპანია „სილქროუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი დახვდნენ.
ამერიკელი მილიარდერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.
დღევანდელ დღეს ტრამპი თბილისში გაატარებს. ის აეროპორტიდან სასტუმრო „რედისონში“ უკვე გაემგზავრა.
ბიზნესმენი თბილისის ძველ უბნებს დაათვალიერებს. საღამოს დაგეგმილია ვახშამი და საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ტრამპი იმ პროექტებს განიხილავს, რომელიც ერთი წლის წინ აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას გაფორმდა.
მოგვიანებით ამერიკელი ბიზნესმენი ბათუმში გაემგზავრება. ხვალ ის „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა ეკონომიკის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება.
