„სმარტის“ სუპერმარკეტებში „საქართველოს ბანკი“ ექსპრესის ფილიალებს განათავსებს
„სმარტის“ სუპერმარკეტებში „საქართველოს ბანკი“ ექსპრესის ფილიალებს განათავსებს
19:02 20.04.2012
„საქართველოს ბანკსა“ და „ვისოლის“ სუპერმარკეტების ქსელ „სმარტს“ შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, „საქართველოს ბანკი“ ექსპრესის სერვისცენტრების ქსელს აფართოვებს და ვისოლის ჯგუფის შვილობილ „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში ექსპრესის ფილიალებს განათავსებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ვისოლიდან“ აცნობეს, კომპანიების თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელი სწრაფ და მოსახერხებელ მომსახურებას, მისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილზე მიიღებს.
მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეძლებს, ერთდროულად შეიძინოს პროდუქცია „სმარტის“ სუპერმარკეტში და ისარგებლოს ექსპრესის მომსახურებით, სადაც საბანკო ოპერაციებს განახორციელებს.
საქართველოს ბანკის ექსპრესის სერვისცენტრები ორ ზონადაა დაყოფილი. მომხმარებელს ემსახურებიან, როგორც მოლარე ოპერატორები ასევე, არსებობს თვითმომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში შეძლებს ისარგებლოს ინტერნეტბანკის ტერმინალით, თვითმომსახურების ტერმინალით - IPAY და ბანკომატით.
ექსპრესის სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე–ოპერატორები მოემსახურებიან, ყოველდღე დილის 9:00-დან 21:00 საათამდე და შაბათ–კვირას 10:00-დან 18:00 საათამდეა ხელმისაწვდომი. სერვისცენტრებში მომხმარებელი მისთვის სასურველ ყველა საბანკო მომსახურებას განახორციელებს.
„სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სავაჭრო ცენტრები დღესდღეობით, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, მარნეულში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ფუნქციონირებს.

ბეჭდვა