ანაკლიის სანაპირო ზოლის გაუმჯობესების გამო მთავრობამ სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანა.
დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტი განიხილეს.
მთავრობის ინიციატივით, პროექტის ერთ-ერთი მიმართულება იცვლება. ქუთაისის ურბანული გარემოს გაუმჯობესებისა და არამოტორიზებული ტრანსპორტის განვითარების ქვეპროექტს, ანაკლიის სანაპირო ზოლის გაუმჯობესების ქვეპროექტით ჩაანაცვლებენ.
გარდა ამისა, პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს - თბილისის ურბანული გარემოს გაუმჯობესებასა და გორგასლის გზის რეკონსტრუქციას, ვაჟა–ფშაველას გამზირზე მეტროს გაგრძელებას, მესტიის გზების გაუმჯობესებას.
სესხი 85 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და მისი გადახდის ხანგრძლივობა 32 წელია.
ამ საკითხზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარიამ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების მიზანი ანაკლიის მიმდებარე ზოლის რეაბილიტაცია–გამაგრებაა.
„ჩვენი პრიორიტეტი ახალი ტურისტული კერების დროულად და მაღალი სტანდარტებით განვითარებაა. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ თანხა ანაკლიას მოხმარდეს“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
კემულარიას მტკიცებით, ქუთაისის პროექტი არ შეჩერდება. მისი თქმით, არსებობს ბევრი ფინანსური წყარო, რომლითაც პროექტები დაფინანსება.
