სერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ ჩატარებულ ბიზნესგარემოს კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი კორუფციის შემცირებას ეთმობა.
როგორც დღეს, „შერატონ მეტეხი პალასში“ კვლევის პრეზენტაციაზე შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, კორპორაციის კვლევამ გამოკვეთა, რომ საქართველოში ბიზნეს საქმიანობაში კორუფციის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი.
მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მოხდა სანქციების ლიბერალიზაცია, ადმინისტრირების წახალისება და პრობლემების იდენტიფიცირება, მათი შემდგომი მოგვარების მიზნით.
„კვლევაში აისახა ინვესტიციების გაზრდა-შემცირების მიზეზები, დაიხვეწა იმპორტ-ექსპორტის საკითხი, ტვირთის გაფორმება 10-15 წუთში ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“-აღნიშნა ებანოიძემ.
IFC-ს რეგიონული მენეჯერის კავკასიაში თომას ლუბერკის განცხადებით, კვლევის შედეგები იმ სფეროებს წარმოაჩენს, სადაც დამატებითი რეფორმების განხორციელებაა საჭირო.
„მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან მუშაობის გასაგრძელებლად, რათა კერძო ბიზნესისთვის გარემო უფრო გაუმჯობესდეს და მეწარმეებმა რეფორმის შედეგებით ისარგებლონ“-განაცხადა ლუბერკმა.
IFC ჩატარებული კვლევა პრობლემური საკითხების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის გზით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
