აჭარის მთავრობამ შარშან სიმბოლურ ფასად 52 ობიექტი გაასხვისა
აჭარის მთავრობამ შარშან სიმბოლურ ფასად 52 ობიექტი გაასხვისა
12:07 20.04.2012
აჭარის მთავრობამ გასულ წელს სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით 52 ობიექტი გაასხვისა. ამის შესახებ „საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იტყობინება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2011 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გასხვისებული ქონებით დაინტერესდა.
საკითხის კვლევისას უცნობი უცხოური კომპანიებისათვის ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების ტენდენცია გამოიკვეთა. უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოში ქონების შესაძენად, ადგილზე რეგისტრაცია ესაჭიროება. შესაბამისად, ისინი რეგისტრირდებიან საქართველოში, მაგრამ ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქედან გამომდინარე, ძნელია შემოწმდეს რამდენად სანდოა აღნიშნული კომპანიები, ასევე რთულია ფინანსების წარმომავლობას მონიტორინგიც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მოჰყავს, როცა ქონება ინვესტორს 1 ლარად გადაეცა და აღნიშნული კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრეა რეგისტრირებული. ერთ-ერთი მსგავსი ფაქტი 2011 წლის 18 თებერვალს დაფიქსირდა, როცა შპს „ADOG GEORGIA”–ს ერთ ლარად გადაეცა 1621 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორმა 40 თვის განმავლობაში 22 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბიკ თაუერი“ უნდა ააშენოს. სასტუმრო მინიმუმ 100 ნომრისაგან უნდა შედგებოდეს და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სულ მცირე 100 ადამიანი დაასაქმოს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ADOG GEORGIA“, 2010 წლის 16 სექტემბერს ბათუმში დარეგისტრირდა და მის დირექტორად მიხეილ ძოძუაშვილია მოხსენიებული. შპს-ს 100%-იან წილს აზერბაიჯანის მოქალაქე მუსა სულეიმანოვი ფლობს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ორგანიზაციას არ მოეპოვება.
ასევე, 2011 წლის 24 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად (ერთი ლარი) ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში 1,6 ჰა მიწის ნაკვეთი და 1133 კვ.მ შენობა-ნაგებობა გაასხვისა. აღნიშნული ობიექტის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 365 000 ლარს შეადგენდა. ინვესტორი თურქული კომპანია შპს "ბაქარაა”, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მილიონიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 60 მოქალაქე და ააშენოს პირუტყვის დაკვლის, დამუშავებისა და დაფასოების საწარმო. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ბაქარა” 2011 წლის 23 თებერვალს, ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრეა რეგისტრირებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ში აზუსტებენ, რომ ინვესტორმა რამდენჯერმე დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, მაგრამ აჭარის მთავრობამ ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად, მას ვადები გაუგრძელა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ინვესტორების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის დახვეწის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ირგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მონიტორინგი უფრო ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს იმ ინვესტორების მიმართ, რომლებმაც სახელმწიფოსგან ქონება შეღავათიანი პირობებით შეიძინეს. წინააღმდეგ შემთხევევში, აღნიშნული ფაქტები კორუფციულ შეთანხმებებად აღიქმება.

ბეჭდვა