ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განმარტებით, არყის აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტში ტექნიკური შეცდომა აღმოჩნდა.
ჟურნალისტებთან საუბარში რუსუდან კემულარიამ განაცხადა, რომ არც არაყზე და არც ბუნებრივი აირის კონდესანტზე აქციზის განაკვეთების გაზრდა არ იგეგმება.
"აქციზის განაკვეთის გაზრდის საკითხი მთავრობას არც განუხილავს. ეს ალბათ, ტექნიკური ხარვეზია, რაც გასწორდება" - განაცხადა რუსუდან კემულარიამ.
მისი განმარტებით, აქციზის ცხრილი თავიდან მხოლოდ იმის გამო ჩამოყალიბდა, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს კონვენციასთან და შეცვლილ კოდებთან.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის თავდაპირველ ვარიანტში აქციზის განაკვეთად 1 ლიტრ არაყზე 3 ლარის ნაცვლად 5 ლარია მითითებული, ხოლო ბუნებრივი აირის კონდესანტზე, 1000 მ/3 –ზე 80 ლარის ნაცვლად, 1 ტონაზე 120 ლარი.
