ყატარსა და დუბაიში 23-24 აპრილს საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით არსებული გარემოს პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, 23 აპრილს ყატარის სახელმწიფოს სავაჭრო პალატაში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ბიზნესგარემოს პრეზენტაცია მოეწყობა. ღონისძიებას ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილს დუბაის საემიროში, სასტუმროში ”Shangri-La” მასშტაბური ბიზნესფორუმი ჩატარდება, რომელსაც 150-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
საქართველოს დელეგაციის წევრები მათ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებსა და საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ქართული მხრიდან ღონისძიებებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ”რაკია საქართველოს” თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, ”საქართველოს ბანკის”, იურიდიული კომპანია ”BLC”-ს და ბათუმის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაციის გამართვა დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაშიც იგეგმება.
