პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ საწვავის ბაზარზე არსებული მაღალი ფასების გამო, ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღებას სთხოვს.
ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი სტაბილურად დაბალ ნიშნულზეა, კალანდაძის თქმით, საქართველოში, როგორც ბენზინის, ისე დიზელის საწვავის ფასი პერმანენტულად იზრდება.
მისივე თქმით, ხელისუფლება თავისი უმოქმედობით პირდაპირ უწყობს ხელს საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნებას და ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს, ასევე, მათთან დაახლოებულ გარკვეულ სახელისუფლებო წრეებს დიდი მოგების საშუალებას აძლევს.
„საწავავის ფასების ხელოვნურად ზრდაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სომხეთში, სადაც საწვავი საქართველოს გავლით შედის ფასი ბევრად დაბალია“ - განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ „ახალ მემარჯვენეებს“ კონკრეტული პროგრამა აქვთ, რომელიც საწვავზე ფასების შემცირებას და გლეხებისა და ფერმერებისთვის მის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
„ახლების“ პროგრამის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი დიზელის საწვავი აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდეს. ასევე, რეალურად უნდა ამოქმედდეს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის რეგულაციები ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან და რეალიზატორებთან მიმართებაში.
კალანდაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება პროგრამის ამ ნაწილს გაიზიარებს, დიზელის ფასი სოფლის მოსახლეობისთვის დაახლოებით 65 თეთრით გაიაფდება.
