შემოსავლების სამსახური დღეიდან სალაროს აპარატის ქვითრებით გათამაშებას იწყებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი (ნაღდი ფულით) შესყიდვის დროს მიღებული ე.წ ჩეკით, წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდება.
გათამაშდება 10, 20, 50, 100, 10 000 და 50 000 ლარი.
„ჩეკების გათამაშებაში“ ჩართვისთვის საჭიროა ნებისმიერი შესყიდვის დროს მომხმარებელმა ე.წ ჩეკი მოითხოვოს და შემდეგ გადაამოწმოს არის თუ არა მისი ქვითარი მომგებიანი. ამის გადასამოწმებლად მან ჩეკის ორი უნიკალური (ექვსნიშნა და რვანიშნა) კოდი ვებ-გვერდსა და სწრაფი გადახდის აპარატებში უნდა შეიყვანოს სპეციალურ გრაფაში ან აღნიშნული კოდები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უნდა გაგზავნოს ნომერზე *200#. ორივე კოდი ერთად 14 ციფრისგან შედგება.
გათამაშების მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge - ზე მოცემული სპეციალური ფორმით, ასევე გაგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილური ოპერატორების (ჯეოსელი, მაგთი) დახმარებით და ისარგებლოთ სწრაფი გადახდის აპარატებით (TBC Pay და NOVA).
მოგებული თანხის მიღება კი შესაძლებელია „ლიბერთი ბანკის“, „კორსტანდარტ“ ბანკის, „პრივატ ბანკის“ ან „ბაზისბანკი“-ს ნებისმიერ ფილიალში, მოგებიდან 30 დღის განმავლობაში.
მომგებიანი ჩეკის მფლობელმა სავალდებულოა თან იქონიოს ჩეკი და პირადობის მოწმობა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 10 000 და 50 000 ლარიანი პრიზების მფლობელებს საშემოსავლო გადასახადი არ დაუკავდებათ.
