მიხეილ სააკაშვილი - ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე თავი მუდმივად მტრის ხახაში გვექნება
მიხეილ სააკაშვილი - ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე თავი მუდმივად მტრის ხახაში გვექნება
17:39 14.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ქვეყნისთვის უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევს. ამის შესახებ  მან დღეს "ლარსიჰესზე" და "დარიალიჰესზე" მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა შეუძლებელია.
"ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე თავი მუდმივად მტრის ხახაში გვექნება. თავის დროზე რომ აგვეშენებინა ჰესები, აქედან 100 მეტრში მყოფი ჩვენი მეზობელი ქვეყანა 90-იან წლებში ვეღარ დაგვაშანტაჟებდა" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, წარსულში საქართველოში გვირაბები რუსებს გაჰყავდათ, რომ ქვეყანას დამოუკიდებლობისთვის ვერ მიეღწია. ამის დასტურად მან როკის გვირაბი მოიყვანა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ მსოფლიო ჰესების უნიკალური დანადგარები უნდა აითვისოს, შემდეგ კი, ქართველმა სპეციალისტებმა სხვადასხვა ქვეყნებში ჰიდროელექტროსადგურები უნდა ააშენონ.
მან დასაქმებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჰესების მშენებლობაზე დასაქმებული უცხოელები თანდათანობით ქართველი კადრებით უნდა ჩანაცვლდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად "ლარსიჰესზე" და "დარიალიჰესზე" მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს დაათვალიერა.

ბეჭდვა