პოლიტიკურ პარტია „ახალ მემარჯვენეებში“ მთავრობის მიერ შესყიდული ტრაქტორების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან გამომდინარე, მინიმუმ 5000 ერთეული ტრაქტორია საჭირო იმისთვის, რომ ყველა გლეხმა და ფერმერმა მიწის დამუშავება აგროტექნიკურ ვადებში შეძლოს.
„კარგია როდესაც ტრაქტორების დამატება ხდება, მაგრამ ხელისუფლება არ ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის. 600-700 ერთეული აუცილებელ რაოდენობასთან შეფარდებით ძალიან ცოტაა” - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, საბჭოთა პერიოდში ტრაქტორების რაოდენობა 7 000 იყო, ახლა კი - მთავრობის მიერ დამატებით შესყიდული 120 ერთეული ტრაქტორის ჩათვლით, სულ 700-ია.
ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ ტრაქტორების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მცირემიწიანი გლეხები განსაკუთრებით ზარალდებიან, რადგან მათ საჭირო ტექნიკის ლოდინი შედარებით დიდხანს უწევთ.
რაც შეეხება, ხელისუფლების ინიციატივას ქვეყნის მასშტაბით სასოფლო ტექნიკის 12 სერვისცენტრის გახსნის თაობაზე, ნაჭყებია ამასაც არასაკმარისად მიიჩნევს.
მისი თქმით, ამ რაოდენობის სერვის ცენტრი მხოლოდ კახეთის რეგიონს ვერ დააკმაყოფილებს.
ქვეყანაში მთავრობის ინიციატივით, 120 ერთეული ტრაქტორი უკვე შმოყვანილია. საერთო ჯამში წლის ბოლოსთვის 600 ერთეული უნდა იქნეს შემოყვანილი.
