„ილიაუნი ბიზნეს რევიუს’“ კვლევის შედეგებით, „პოპულის“ ქსელში მომხმარებელი უპირატესობას მინერალურ წყალ „ნაბეღლავს“ ანიჭებს.
კვლევის მიხედვით, „ნაბეღლავის“ შემდეგ, „ლიკანი“ და „ბორჯომი“ მოდის.
კვლევა ხუთ ადგილობრივ ბრენდზე – „ნაბეღლავი“, „ლიკანი“, „ბორჯომი“, „საირმე“ და „ფლატე“-ზე ჩატარდა.
შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა -„ნაბეღლავი“ – 43.8%; „ლიკანი“ – 39%; „ბორჯომი“ – 16.1%; „საირმე“ – 0.8%; „ფლატე“ – 0.3%;
თბილისის 11 რაიონიდან 8–ში „ნაბეღლავი“ ლიდერობს, სამ რაიონში ლიკანი, „ბორჯომი“ კი, ყველა შემთხვევაში მე-3 პოზიციაზე ფიქსირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდუბეში და ვერაზე – 25% დაფიქსირდა. „ფლატე“ მხოლოდ დიდუბეში, „საირმე“ – საბურთალოზე და ორთაჭალაში დაფიქსირდა.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ შეფასებით, მომხმარებლების უმრავლესობა მინერალური წყლის ყიდვისას მინერალურ წყალს ყიდულობს და არა რომელიმე ბრენდს. მინერალურ წყალს უფრო ხშიად მამაკაცები ყიდულობენ, ვიდრე ქალები. ქალების სიმპათიას უფრო მეტად „ლიკანი“ იმსახურებს.
კვლევის პროცესში დაფიქსირდა, რომ უცხოელები „ბორჯომს“ ანიჭებენ უპირატესობას. „ფლატეს“ კი, ძირითადად სამკურნალო მიზნით ყიდულობენ.
კვლევა 10-20 მარტის პერიოდში ჩატარდა, რომლის დროსაც თბილისის 11 რაიონში „პოპულის“ ქსელის 15 სავაჭრო ობიექტი შეისწავლეს.
თითოეულ სავაჭრო წერტილში 65–75 ადამიანის არჩევანი დაფიქსირდა, თუ რომელი ბრენდის პროდუქცია ჰქონდა მას შეძენილი.
კვლევა გაყიდვების რაოდენობას არ ითვალისწინებდა, დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.
კვლევის დროს, თბილისის მასშტაბით 1054 მოქალაქის არჩევანი შეისწავლეს.
