ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე თურქეთში ევრაზიის მე-15-ე ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ვიცე პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ წარმატებებზე ისაუბრა.
ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ენერგეტიკის სატრანზიტო ქვეყნის როლზე და აღნიშნა, რომ ქვეყნას შესაძლებლობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი გახდეს.
ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც სტამბოლში ევრაზიის მე-15-ე ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობს.
ევრაზიის მე-15-ე ეკონომიკური სამიტში ალბანეთის, მაკედონიის, მონტენეგროს ბოსნია და ჰერცეგოვინას, ავსტრიის, აშშ-ს, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, უნგრეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უკრაინის პირველი პირები, სხვადასხვა სფეროს მინისტრები, პარლამენტის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.
