გატარებული რეფორმების გაცნობის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ავღანეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური სექტორის განვითარების პროექტის გენერალური დირექტორი ზალმეი შერზადი და ანგარიშსწორების სისტემების დეპარტამენტის დირექტორი აზიზ ბარაქი სტუმრობდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ავღანელმა სტუმრებმა ქართველი კოლეგებისგან საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემის დანერგვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ისინი ეროვნული ბანკის შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სისტემის სხვადასხვა კომპონენტების დემონსტრირებას დაესწრნენ.
ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მელაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე იმ ინსტიტუტების სიაშია, რომლებსაც მსოფლიო ბანკი წარმატებულ მაგალითად ასახელებს ინოვაციური და პროგრესული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.
„ავღანეთის ცენტრალური ბანკის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა გავცნობოდით გადახდის ახალ სისტემას, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დანერგა. ეროვნულმა ბანკმა გაგვიზიარა თავისი გამოცდილება ამ საკითხში, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვესტუმრეთ სხვადასხვა დეპარტამენტს და დეტალურად გავეცანით ახალ სისტემას“ - განაცხადა ავღანეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური სექტორის განვითარების პროექტის გენერალურმა დირექტორმა ზალმეი შერზადიმ.
მანამდე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პაპუა ახალი გვინეის და ეთიოპიის ცენტრალურ ბანკებს უმასპინძლა. მათი ვიზიტიც ასევე მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით განხორციელდა.
