კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომი“ 90 ათასი ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომი“ 90 ათასი ლარით დააჯარიმა
19:00 10.04.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია „მაგთიკომი“ არასათანადო რეკლამით მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობის გამო, 90 ათასი ლარით დააჯარიმა.
კომისიის ინფორმაციით, საკაბელო ოპერატორის სანქცირების საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ (GMG) განცხადებამ განაპირობა. GMG კონკურენტ კომპანიას არასათანადო სარეკლამო რგოლების გაშვებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებდა.
„საქმე ეხება, სარეკლამო რგოლს შემდეგი ტექსტით - „მაგთისატი გთავაზობთ წამყვან სპორტულ არხს მსოფლიოში „შეტანტა სპორტს“. ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები. 500-ზე მეტი პირდაპირი რეპორტაჟი წელიწადში, მაღალპროფესიული კომენტარი და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი მხოლოდ „მაგთისატის“ მაყურებლისთვის“. აღნიშნული სპორტული გადაცემების ქართულ ენაზე გაშვების უფლება მოპოვებული GMG–საც აქვს. „მაგთისატი“ კი, სარეკლამო რგოლში მომხმარებელს ეუბნება, რომ მხოლოდ მის აბონენტებს აქვთ საშუალება იხილონ აღნიშული სპორტული გადაცემები, რითაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს“ - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომისიაში აღნიშნავენ, რომ დღევანდელ სხდომას „მაგთიკომის“ და „გლობალ მედია ჯგუფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცა.

ბეჭდვა