თბილისის მინერალური წყლების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
თბილისის მინერალური წყლების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
17:51 10.04.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული კვლევის - „თბილისის მინერალური წყლების ბაზარი – მომხმარებლის არჩევანი“ შედეგების პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული კვლევის მიზანია, გამოავლინოს რომელ ბრენდს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას და რომელია თბილისში პოპულარული მინერალური წყალი.
კვლევა 10-20 მარტის პერიოდში ჩატარდა, რომლის დროსაც თბილისის 11 რაიონში „პოპულის“ ქსელის 15 სავაჭრო ობიექტი შეისწავლეს.
თითოეულ სავაჭრო წერტილში 65-75 მოქალაქის არჩევანი დაფიქსირდა.
კვლევა გაყიდვების რაოდენობას არ ითვალისწინებს, მასში დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.
სულ თბილისის მასშტაბით 1054 მოქალაქის არჩევანი შეისწავლეს. შედეგები დალაგებულია ბრენდების, თბილისის რაიონების, სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
კვლევაში ჩართული იყო ხუთი ადგილობრივი ბრენდი – ნაბეღლავი, ლიკანი, ბორჯომი, საირმე და ფლატე.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ მზადდება.

ბეჭდვა