არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) წევრები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებას „ბლუმბერგის” რეიტინგთან დაკავშირებით, ცინიკურს უწოდებენ.
ეს განცხადება ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
მედიაჰოლდინგ „ბლუმბერგის“ რეიტინგი მსოფლიოში ბიზნესგარემოს კუთხით საუკეთესო სახელმწიფოების გამოვლენას ისახავს მიზნად.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, მინისტრის თქმით, საქართველო „ბლუმბერგის” რეიტინგში მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ მასში მონაწილეობისთვის ქვეყანამ მოთხოვნა არ გაგზავნა, რაც სიცრუეა.
„რეიტინგში ყველა ქვეყანაა გათვალისწინებული და არა, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ის ქვეყნები, რომლებმაც მოთხოვნა გაგზავნეს“ - ხაზი გაუსვა მან.
„აფბას“ ინფორმაციით, ქობალიამ ეს განცხადება რადიო „კომერსანტთან” საუბარისას გააკეთა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ქვეყანაში ბიზნესგარემო სავალალო მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ რეფორმირებას საჭიროებს.
