2011 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 370.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალმა 438.4 მლნ აშშ დოლარით მოიმატა, ფასის ცვლილების შედეგად - 25.9 მლნ აშშ დოლარით, სხვა ცვლილებების შედეგად კი - 12.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო 106.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 11.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან, 3.7 მლრდ აშშ დოლარი სამთავრობო სექტორის ვალი იყო, 815 მლნ აშშ დოლარი - ეროვნული ბანკის, 2.1 მლრდ აშშ დოლარი – საბანკო სექტორის, 2 მლრდ აშშ დოლარი – სხვა სექტორებისა და 2.6 მლრდ აშშ დოლარი – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 101.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 51.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 176 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ასევე, საანგარიშო პერიოდში, უცხოურ კომპანიათაშორისმა სესხებმა 42.2 მლნ აშშ დოლარით მოიმატა.
საგარეო ვალდებულებების ზრდის 90.9 პროცენტი, რაც 336.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს უცხოური ვალუტით გამოსახულ ვალზე მოდის, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებულ საგარეო ვალზე მთლიანი საგარეო ვალის ზრდის 9.1 პროცენტია, რაც 33.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
